აპარატურის გამქირავებელი კომპანიის, GeoVoice-ის თანამშრომლებმა ჯგუფ Showtime-ის წევრებს სცემეს. შემთხვევა 9 ნოემბერს მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, მუსიკალურმა ჯგუფმა გაავრცელა და კომპანიაშიც ადასტურებენ, თუმცა ინციდენტის დაწყების განსხვავებულ მიზეზებზე ყვებიან.

ჯგუფის წევრები იხსენებენ, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეფონზე საუბრის დროს პრეტენზია გამოთქვეს მათ მიერ მოთხოვნილი ტექნიკის არასრულად მიწოდების გამო. მათივე თქმით, ამ სატელეფონო ზარიდან რამდენიმე წუთში კომპანიის წარმომადგენელები ადგილზე მივიდნენ.

"მოვიდნენ, მანქანაში ჩაგვიჯექიო — უთხრეს ჩემს დრამერს. მან უთხრა, არსად არ წამოვალ, რაც გინდა მითხარიო. ეგრევე სახეში "წყვიტეს" [დაარტყეს], ძვალი ჩაამსხვრიეს. ჩვენგან არანაირი პროვოცირება არ მომხდარა", — უთხრა Showtime-ის ვოკალისტმა, მიშო ელიავამ On.ge-ს.

მუსიკალური ჯგუფისგან განსხვავებით, ინციდენტის დაწყების მიზეზს კომპანია Geovoice მათ აბრალებს.

"ტყუილად, ხო იცით, არავინ არავის არ ესხმის თავს.. ამ ბენდმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს თანამშრომელს და შეგინებას ლოგიკური გაგრძელება მოყვა... არანაირი განსაკუთრებული ჩხუბი არ მომხდარა", — უთხრა On.ge-ს კობა მათითაიშვილმა, კომპანია Geovoice-ის ტექნიკურმა დირექტორმა.