კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უმრავლესობას მიმართავს, რათა მოსამართლეების კანდიდატურების შესათანხმებლად ოპოზიციასთან მოლაპარაკებები აწარმოოს და კანდიდატები დამოუკიდებლად საკასაციო სასამართლოში არ განაწესოს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანდიდატთა ნაწილი ხშირ შემთხვევაში ელემენტარულ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი ვერ პასუხობდა.

მათივე თქმით, ზოგიერთი კანდიდატის სამართლებრივი მსჯელობის უნარი იყო დაბალი, პასუხები კი — დაუსაბუთებელი. კოალიცია აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა კანდიდატმა, მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა კოალიციის მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხა, ასევე, იყო დაუსაბუთებელი და გამოგონილი საფუძვლით შეკითხვებზე თავის არიდების შემთხვევებიც.

"მსგავსი დამოკიდებულება, არა მხოლოდ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, არამედ ზოგადად, პროცესის მიმართ უპატივცემულობის გამომხატველია და ცალსახად, უარყოფით შეფასებას იმსახურებს", — ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის გამჭვირვალობას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ პროცესმა, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია, კანდიდატების უმრავლესობა არაადეკვატურად აღიქვამს სასმართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს, ვერ ხედავს სასამართლოში არსებულ პრობლემებს ან არ სურს ისაუბროს ამ პრობლემებზე:

"პრეტენდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად უჭერს მხარს სასამართლოში არსებულ კლანს, ერიდება განსხვავებული აზრის დაფიქსირებას, რაც მათ შინაგან თავისუფლებაზე, ღირებულებებზე და მორალურ სიმტკიცეზე დადებითად არ მეტყველებს".

უზენაესის სასამართლოს მნიშვნელობაზე საუბრისას, კოალიცია ამბობს, რომ სასამართლო სისტემის ბოლო ინსტანცია ქვეყანაში სამართლებრივ პოლიტიკას წარმართავს, ერთგვაროვან პრაქტიკას ამკვიდრებს და დარღვეულ უფლებას ბოლო ინსტანციით იცავს:

"სწორედ ამიტომ, მის წევრებს მოეთხოვებათ, სამართლებრივი აზროვნების და პიროვნული შეუვალობის მაღალი დონე, რასაც კანდიდატთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს".

კოალიცია მიიჩნევს, რომ არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი კანდიდატების დანიშვნა, აზრს დაუკარგავს საქართველოს პარლამენტში წარმართულ პროცესს, დიდი ხნით დაასამარებს სასამართლოს გაჯანსაღებისა და საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნების შანსს. ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტის დეპუტატებს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად არ შეავსოს ვაკანტური თანამდებობები სრულად და მოსამართლეთა მხოლოდ ის მინიმალური ოდენობა დანიშნოს, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის.