პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიცის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი. ისინი ამ გზით ცდილობენ ქართულ ოცნებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უვადოდ არ დაამტკიცებინონ.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

დღეს, წინა პიკეტირებისგან განსხვავებით, საპოლიციო ძალების განსაუთრებული მობილიზება არ შეინიშნება. თუმცა, პოლიცია მუდმივად ცდილობს, პარლამენტის შესასვლელებთან მობილიზებული ხალხი ერთი მხრიდან მეორეზე გადაიყვანოს. On.ge-ს კითხვაზე პასუხის გაცემის დროს კი განაცხადეს, რომ ამ გზით ცდილობენ პარლამენტის თანამშრომლებს შესასვლელები გაუთავისუფლონ.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ამ დრომდე პარლამენტის პიკეტირება ორჯერ სცადეს. ორჯერვე სპეცრაზმმა ისინი წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ყინვის დროს აქციის მონაწილეების ასე დაშლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს ირონიული პასუხი ჰქონდა. მისი თქმით, "ცდილობენ წყლის გათბობას".

ნოემბრის მოვლენები — მოკლედ

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.