თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგი უგულავას პასპორტის საგამოძიებო უწყებებისთვის ჩაბარება დაევალა. უგულავას, ასევე, შეეფარდა გირაო 2 000 ლარის ოდენობით, რომელიც 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. სასამართლო სხდომა დღეს, 12 დეკემბერს გაიმართა.

სხდომას არც ბრალდებული ესწრებოდა და არც მისი პირადი ადვოკატი. სასამართლოში წარმოდგენილი იყვნენ ბრალდების მხარე და სპეციალურად დანიშნული სახაზინო ადვოკატი. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 იანვარს ჩატარდება.

პარტია ევროპულ საქართველოში On.ge-ს განუცხადეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.

ევროპული საქართველოს წევრების, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ორი უცნობი პირი თავს დაესხა. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტის გამო გიგი უგულავას ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინა, გოკა გაბაშვილი კი დაზარალებულად ცნეს.

უწყებაში განმარტეს, რომ დაპირისპირებული მეორე მხრიდანაც ერთს ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინა, მეორე კი დაზარალებულად იქნა ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.