15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე 2 სამართალდამცავს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, ორივე მათგანმა ამის სურვილი თავად გამოთქვეს.

უფლებამოსილება დროებით, საქმეზე გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილესა და ამავე განყოფილების გამომძიებელს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. შემთხვევა 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. იგი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია.

"პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან", — ნათქვამია საიას განცხადებაში, საპირისპიროს კი ირწმუნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.