საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილზე ამბობს, რომ "ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე". ამაზე მან დღეს, 17 დეკემბერს ელჩების კონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აუცილებელია, პარტნიორებს მიეწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:

"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა ამ განცხადებით არ კნინდება, გვაქვს ორპარტიული მყარი მხარდაჭერა... ჩვენს ურთიერთობას ერთი წუთითაც არ მიადგება ჩრდილი".

გუშინ, 16 დეკემბერს კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და ჯერალდ ე. კონოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილით მიმართეს. მათ პრემიერი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკეს. მათივე წერილში აღნიშნულია, რომ გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულ ხალხს "მოძალადე ბოროტმოქმედები დაუპირისპირეს".