როგორც უკვე ვიცით, Amazon ბეჭდების მბრძანებლის სამყაროს შესახებ სერიალს იღებს. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სერიალის სამსახიობო გუნდს კიდევ ერთი მსახიობი შეუერთდა — მორფიდ კლარკი.

მართალია, სატელევიზიო შოუს მოყვარულები სულმოუთქმელად ელიან ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯ.რ.რ. ტოლკინის საკულტო წიგნების სერიის კიდევ ერთი ეკრანიზაციის ხილვას, თუმცა ჯერჯერობით შოუს შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია ვრცელდება: მხოლოდ ის ვიცით, რომ სერიალის სიუჟეტი ბეჭდების მბრძანებლის სახელით ცნობილი ფილმების ტრილოგიაში განვითარებულ მოვლენებამდე საუკუნეებით ადრე მომხდარ ამბებზე მოგვითხრობს.

რაც შეეხებათ მსახიობებს, ამ შემთხვევაშიც ჯერ მხოლოდ რამდენიმე მათგანის ვინაობა ვიცით: Game Of Thrones-ის მსახიობი ჯოზეფ მოული და ახალგაზრდა ავსტრალიელი მსახიობი, მარკელა კავენა.

ფოტო: Getty

სულ ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ მათ რიგებს მორფიდ კლარკიც შეემატა, რომელიც HBO-ს უახლეს სერიალ His Dark Material-ში თამაშობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობი ყველასათვის კარგად ნაცნობი პერსონაჟის, ახალგაზრდა გალადრიელის როლში მოგვევლინება, რომელსაც მანამდე ქეით ბლანშეტი ასრულებდა.

სავარაუდოდ, სერიალის გადაღებები 2020 წელს დაიწყება, შესაბამისად მის ეკრანებზე ხილვას 2021 წლამდე, ალბათ, არ უნდა ველოდოთ.