ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ტრამპმა პრეზიდენტის პოსტი უნდა დატოვოს. დარჩება თუ არა ის ამერიკის პრეზიდენტად ამას სენატი 2020 წლის იანვარში გადაწყვეტს.

იმპიჩმენტის გამოცხადებას წინ უძღოდა რამდენიმესაათიანი დაძაბული დებატები წარმომადგენლობით პალატაში. საბოლოოდ, ტრამპი ორივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.

იმპიჩმენტისთვის 216 ხმა იყო საჭირო, თუმცა ტრამპმა უფრო მეტი მიიღო. პირველ ბრალდებას — ძალაუფლების ბოროტად გამოყენება — 230-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 197 კი წინააღმდეგი იყო, 1-მა თავი შეიკავა. საქმე ეხება ტრამპის საუბარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომლის მიხედვითაც ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და მისი მთავარი კონკურენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვდა. სწორედ ეს გახდა იმპიჩენტის პროცედურის დაწყების მიზეზი.

მეორე ბრალდება კონგრესის საქმიანობაში ხელის შეშლას ეხებოდა და მას 229 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 198 იყო. ბრალდების მიხედვით, ტრამპმა აუკრძალა თეთრი სახლის თანამშრომლებს იმპიჩმენტის პროცედურაში ჩართვა და ჩვენებების მიცემა.

BBC-ის ინფორმაციით, ხმები პრაქტიკულად პარტიების მიხედვით გაიყო და თითქმის ყველა დემოკრატმა იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი, რესპუბლიკელებმა კი პირიქით. შედეგად, ტრამპი გახდა მესამე პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში, ბილ კლინტონისა და ენდრიუ ჯონსონის შემდეგ, რომელსაც იმპიჩმენტი გამოუცხადეს.

თუმცა აღსანიშნია, რომ წარმომადგენლობით პალატაში ხმების უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ, სენატში კი რესპუბლიკელები. თუ იმპიჩმენტს მხარს სენატიც დაუჭერს, ტრამპი აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელიც თანამდებობას კონგრესმა ჩამოაშორა.

ტრამპი დარწმუნებულია, რომ სენატში მიმდინარე პროცესისას ის სრულად რეაბილიტირდება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაშია აღნიშნული. მათი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე ამერიკის ისტორიაში. მათივე თქმით, ბრალდებები უსაფუძვლოა და ამერიკის პრეზიდენტს ცუდი არაფერი ჩაუდენია.

კენჭისყრის დროს ტრამპი მიჩიგანში მხარდამჭერებს ხვდებოდა. Independent-ის ინფორმაციით, შედეგების გაგებამდე მან განაცხადა, რომ ცუდი არაფერი ჩაუდენია და დემოკრატები უმრავლესობით სარგებლობენ. როგორც CNN წერს, შედეგების გაგების შემდეგ პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რომ რესპუბლიკელების ერთობა არ დარღვეულა და მის წინააღმდეგ ხმა არცერთ რესპუბლიკელს მიუცია.

გარდა ამისა, CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა მოუწოდა მხარდამჭერებს, რომ წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ნენსი პელოსი "გააძევონ". თავად პელოსიმ კი მომხდარს ამერიკისთვის სამწუხარო დღე უწოდა.

სხდომის ვიდეოკადრებში ჩანს ისიც, რომ შედეგების გამოცხადების დროს პელოსიმ თავის თანაგუნდელებს კრიტიკულად გადახედა და ხელით ანიშნა შეეწყვიტათ ტაში, რომელსაც ისინი იმპიჩმენტის აღსანიშნავად უკრავდნენ.

ფოტო: House TV / CNN

იმპიჩმენტის საფუძველი

ტრამპის იმპიჩმენტის დაწყების მიზეზი მისი და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი გახდა, რომელიც ივლისში შედგა, თუმცა მისი დეტალური შინაარსი მხოლოდ სექტემბერში გახდა ცნობილი.

საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, გამოძიება დაეწყო 2020 წლის არჩევნებში მისი სავარაუდო კონკურენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სატელეფონო საუბრამდე ერთი კვირით ადრე აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება ორი თვით შეაჩერა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დახმარების შეჩერება აღიარა და გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ ევროპის სხვა ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, უკრაინას არასათანადოდ ეხმარებიან. სექტემბრის შუა რიცხვებში კი 400 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინამ, საბოლოოდ, მიიღო.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად განიხილება. მისი შვილი ჰანტერ ბაიდენი 2014-2019 წლებში კომპანია ბურისმაში დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ყოფილმა გენპროკურორმა ვიქტორ შოკინმა კომპანიის მფლობელის, ნიკოლაი ზლოჩევსკის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უკრაინის ხელისუფლებამ ბურისმას საქმე 2017 წელს დაასრულა და ვერანაირი დარღვევა ვერ გამოავლინა.

შოკინის საქმიანობით დასავლეთში არაერთი ლიდერი იყო უკმაყოფილო, რადგან ამბობდნენ, რომ ის კორუფციას არასათანადოდ იძიებდა. 2015 წლის დეკემბერში კიევში ვიზიტისას ჯო ბაიდენმა შოკინის გათავისუფლებაც მოითხოვა. საბოლოოდ, გენპროკურორი თანამდებობიდან 2016 წელს გადააყენეს.