პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. ადმინისტრაციის განცხადებით, ზურაბიშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ექიმი გაფრინდაშვილი, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ახალ წელს თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს.

საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. დე ფაქტო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს კასპის რაიონში დააკავეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.

გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოჯახმა, ოპოზიციამ და მთავრობამ სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ გაფრინდაშვილის დროულად დასაბრუნებლად.