თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი და ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი ითხოვდა, რომ სხდომა დაეტოვებინა ერეკლე კუხიანიძეს. ჩხუბის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სხდომა დატოვა.

"მე მეუბნებიან, რომ გარემოს დაცვის კომისიაზე სახელმწიფოს მტერი რომ არის იმ კაცთან ერთად უნდა ვისაუბროთო, პეპლებზე და ხეების გადარგვაზეო. ეს კაცი თბილად გადაადგილდება და მოდის აქ", — თქვა ხაბეიშვილმა სხდომის დატოვების შემდეგ.

მანამდე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა, საკრებულოს დეპუტატებს გარემოს დაცვის კომისიის სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემდა.

რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა. მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის. საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია 16 დეკემბერსაც გაიმართა. 17 დეკემბერს მის კაბინეტში აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა კარავი გაშალეს და ამ ფორმით მოითხოვდნენ ერეკლე კუხიანიძის წასვლას. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან 18 დეკემბერს გარიცხეს.