ახალ წელს მუდამ ახლავს რამდენიმე რიტუალი, რომელიც თითქმის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მაგალითად, საახალწლო ნაძვის ხე სახლებში და ქალაქის ქუჩებში, ან ლამაზი, კაშკაშა განათებები... თუმცა ზოგი საახალწლო ჩვევა საკმაოდ მავნებელია. მხედველობაში მაქვს "ასაფეთქებლები" და, რაც მთავარია, ფეიერვერკები.

ალბათ ვთანხმდებით, რომ ფეიერვერკები ძირითადად ლამაზი და სანახაობრივია, თუმცა მის უარყოფით გავლენას იშვიათად ვაცნობიერებთ. გარდა იმისა, რომ 31 დეკემბრის ღამე ჩემი დისშვილისთვის და ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის სრული შიშისა და ტერორის დროა, ფეირვერკების აფეთქება საკმაოდ საზიანოა ადამიანებისთვის და მთლიანად გარემოსთვის.

ფეირვერკი ტოვებს კვამლს, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მცირე ზომის მეტალის ნაწილაკებს. ისეთებს, როგორიცაა, მაგალითად, ალუმინი და კალიუმი. ფეირვერკში შემავალი ელემენტები ხშირად მათ შეფერილობას განაპირობებენ. მაგალითად, სილურჯე გამოწვეულია სპილენძით, სიწითლე ლითიუმით, ხოლო სიმწვანე კი ბარიუმის ნაერთებით. ჰაერში დიდი რაოდენობით გამოფრქვეული მეტალის ნაწილაკები საბოლოდ ისევ მიწაზე ეშვება, სადაც მათი სიჭარბე ჯანმრთელობის რისკებთანაა დაკავშირებული. მეტალები შეიძლება აღმოჩნდნენ ნიადაგში, სადაც საკვებს ვზრდით, ან მდინარეებში და მტკნარ წყალში, საიდანაც სასმელ წყალს ვიღებთ. ზოგჯერ მეტალის ნაწილაკები ჰაერში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან, შემდეგ კი ჩვენ მათ ვისუნთქავთ, რაც ჩვენს ფილტვებზე ცუდად ისახება.

ინდოეთში ფეიერვერკებს ძირითადად ადგილობრივი დღესასწაულის, დივალის დროს იყენებენ. დივალისას ფეირვერკების ინტენსიურმა გამოყენებამ 30-40%-ით გაზარდა სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემური შემთხვევების რაოდენობა. ფეირვერკების მასშტაბური გამოყენება ზოგ ქალაქში უზარმაზარ სმოგს ტოვებს, რაც პირდაპირ აისახება მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. დღეს მსოფლიოში ჰაერის დაბინძურება ისედაც მნიშვნელოვანი პრობლემაა და ის მილიონობით ადამიანს იწირავს, დამატებითი დაბინძურების წყაროები კი ახლა ნამდვილად არ გვჭირდება.

საქართველო პატარა ქვეყანაა, შესაბამისად ფეირვერკების უარყოფითი ეფექტი ისეთი საგრძნობი არ არის, როგორც, მაგალითად, ინდოეთში. ამის მიუხედავად ვფიქრობ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ესთეტიკური სიამოვნებისთვის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ზიანის მიყენება არ ღირს და უმჯობესი იქნება, თუ ფეიერვერკებზე უბრალოდ უარს ვიტყვით.

ამავე თემაზე: