შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 9 პირი დააკავეს. მოძრაობა #სირცხვილიას ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები: ზუკა ბერძენიშვილი ბექა კოკაია, ნოდარ რუხაძე, ბექა ბასილია, ზურა მჟავანაძე და გიორგი მუმლაძე.

როგორც On.ge-ს უწყებაში განუცხადეს, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული. რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პოლიციასა და აქტივისტებს შორის პარლამენთან დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მერიის სამსახურებმა კარვებისა და საპროტესტო ატრიბუტიკის აღება დაიწყეს.

ტერიტორიის ჩარეცხვის შემდეგ მერიის თანამშრომლები იქ საბავშვო ატრაქციონებს ამონტაჟებენ. ტერიტორია 31 დეკემბერს, დაახლოებით, ღამის პირველის ნახევარზე გაწმინდეს. კარვების გარდა, რუსთაველის გამზირზე იყო აქციებისთვის საჭირო ატრიბუტიკა — დროშები, "გახარიას ბიუსტი" და ბანერები.

თბილისის მერიამ კარვების აყრა საახალწლოდ, 2018 წელსაც სცადა. მაშინ რუსთაველის გამზირზე აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ატარებდნენ. სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის შემდეგ თბილისის მერიამ კარვების აყრა ვერ შეძლო, რუსთველზე კი უფრო მეტი კარავი გაიშალა. მერიას მოუწია საახალწლო ღონისძიებები პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაეტანა.