თბილისის მერიამ პარლამენტის წინ ზვიგენებიანი ბატუტის გაბერვის შემდეგ აღმოაჩია, რომ "ვიზუალი მიუღებელი იყო". პრესსამსახური ამბობს, რომ ეს მხარე მათთან წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა.

"გუშინ წარმოდგენილი ატრაქციონის (სასრიალო ბატუტი) ვიზუალური მხარე არ იყო წინასწარ შეთანხმებული მერიასთან, განცხადებაში აღწერილი იყო მხოლოდ ფუნქციური შინაარსი. სასრიალო ბატუტის ვიზუალი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა დედაქალაქის მერიისთვის და მიიღო მისი ჩანაცვლების გადაწყვეტილება. აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება გაცილებით ფუნქციური შინაარსისა და შესაბამისი ვიზუალის მქონე ატრაქციონი პატარებისთვის", — ამბობს მერიის პრესსამსახური.

მერიის სპეციალურმა სამსახურებმა გვიან ღამით პარლამენტის წინ ტერიტორია მორეცხეს, კარვები დაშალეს და იქ გასაბერი ბატუტი დადგეს. კარვების გარდა, რუსთაველის გამზირზე იყო აქციებისთვის საჭირო ატრიბუტიკა — დროშები, "გახარიას ბიუსტი" და ბანერები. კარვების დაშლას ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამით 9 აქტივისტი დააკავა.უწყების განცხადებით, დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

მოძრაობა #სირცხვილიას ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები: ზუკა ბერძენიშვილი ბექა კოკაია, ნოდარ რუხაძე, ბექა ბასილია, ზურა მჟავანაძე და გიორგი მუმლაძე. აქტივისტებმა განვითარებული მოვლენების შემდეგ 31 დეკემბერს, 10 საათზე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და თორნიკე მამალაძის მხარდასაჭერად აქცია დაგეგმეს.

თბილისის მერიამ კარვების აყრა საახალწლოდ, 2018 წელსაც სცადა. მაშინ რუსთაველის გამზირზე აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ატარებდნენ. სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის შემდეგ თბილისის მერიამ კარვების აყრა ვერ შეძლო, რუსთაველზე კი უფრო მეტი კარავი გაიშალა. მერიას მოუწია საახალწლო ღონისძიებები პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაეტანა.

გაიგეთ მეტი პარლამენტთან მიმდინარე დაპირისპირებაზე: