ავსტრალიაში ხანძარი უკვე თვეებია მძვინვარებს, მის შედეგად დაიღუპა ნახევარ მილიარდამდე ცხოველი, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი სახეობები, ასევე განადგურდა 6 მილიონი ჰექტარი.

ჩანთოსანი თაგვი უიშვიათესი ცხოველია, რომელიც მხოლოდ ავსტრალიაში, კერძოდ კი კუნძულ კენგურუზე ბინადრობს. პეტ ჰოჯინსი კამერების მეშვეობით აკვირდებოდა მათ, თუმცა მათი უმეტესობა, ისევე როგორც სხვა სახეობები, ხანძარმა შეიწირა. ეკოლოგების განმარტებით, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ხანძრის შედეგად სახეობებს უდიდესი ზიანი მიადგათ. შემცირებული პოპულაციების ხელახალ ზრდას კი ათწლეულები დასჭირდება.

ბანდიკუტი.

ბანდიკუტი.

ფოტო: John O'Neill

ჩანთოსანი თაგვი.

ჩანთოსანი თაგვი.

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა სარა ლიგიმ განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულ უამრავ სახეობას შორის არის ბანდიკუტიც, რომელიც მნიშვნელოვან ეკოლოგიურ როლს ასრულებს — იგი სოკოს სპორების გავრცელებაში იღებს მონაწილეობას, მისი გადაშენება კი ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს.

"ხანძრების მასშტაბურობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბევრი სახეობისთვის მიმდინარე მოვლენები ცუდად დასრულდება", — განაცხადა ჩარლზ დარვინის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ ვოინარსკიმ.

ფოტო: Jill Gralow

მისი თქმით, ავსტრალიის ლანდშაფტს ხანძრები ყოველთვის ახასიათებდა, თუმცა, როგორც წესი, ყოველთვის რჩებოდა ვრცელი დაუწვავი ტერიტორია, რაც ცხოველებს გადარჩენის შანსს აძლევდა.

პროფესორმა რიჩარდ კინგსფორდის თქმით, უკეთეს მდგომარეობაში არც ფრინველები არიან. ხეები, რომლებიც ჩიტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ხანძრის შედეგად განადგურდა. ასევე განადგურდა მათი საკვების ძირითადი წყარო — მწერები და ხილი. შესაძლოა, ცოტა უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ მიწის ქვეშ მცხოვრები ძუძუმწოვრები, რადგან მათ აქვთ შანსი, რომ ხანძარს გადაურჩნენ, თუმცა ზედაპირზე ამოსვლისას ისინი მტაცებლებისგან დასამალ ადგილს ვეღარ იპოვიან.

ფოტო: ABCcameramatt

"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რამდენად დიდი გავლენა ექნება ამჟამინდელ ხანძრებს, თუმცა მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ბევრ სახეობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ავსტრალიის ტყეებში ბიომრავალფეროვნების აღდგენას ალბათ ათწლეულები დასჭირდება", — აღნიშნა კინგსფორდმა.

ამავე თემაზე: