Facebook-მა განაცხადა, რომ კომპანია პლატფორმაზე ხელოვნური ინტელექტის მიერ მოდიფიცირებულ და გაყალბებულ ვიდეოებს, ე.წ. Deepfake-ებს კრძალავს. Deepfake-ები კომპიუტერის მიერ შექმნილი ვიდეოებია, რომლებიც რეალურთან მაქსიმალურადაა მიახლოებული.

სოციალური მედია გიგანტი აცხადებს, რომ ასეთი სახის ვიდეოები ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან მათ აქვთ პოტენციალი, რომ მომხმარებლებს სხვადასხვა საკითხზე არასწორი წარმოდგენები შეუქმნან. საბედნიეროდ, Deepfake-ები ჯერ კიდევ იშვიათია, თუმცა მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება.

Deepfake-ის მაგალითი შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში იხილოთ, რომელშიც, ერთი შეხედვით, ბარაკ ობამა საუბრობს. თუმცა სინამდვილეში ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ სხვა ვიდეოზე დაყრდნობითაა გენერირებული.

სპეციალური ალგორითმი პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების Deepfake-ებს კადრების შეცვლით, ერთმანეთზე გადადებით და სხვა კადრების ჩამატებით ქმნის. საბოლოოდ კი მას ისეთ სახეს აძლევს, რომ შეუიარაღებელი თვალი მისი რეალურისგან გარჩევა შეუძლებელი ხდება.

ფეისბუქმა განაცხადა, რომ პლატფორმაზე წაიშლება ისეთი ყალბი ვიდეოები, რომელთა ნამდვილისგან გარჩევასაც საშუალო სტატისტიკური ადამიანი ვერ შეძლებს. წაიშლება ის ვიდეოებიც, რომლებმაც, შესაძლოა, ადამიანს დააჯერონ, რომ ვიდეოში გამოსახულმა პიროვნებამ რაიმე ისეთი თქვა, რაც მას რეალურად არ უთქვამს.

"არიან ადამიანები, რომლებიც მანიპულირებენ მედია საშუალებებით, რათა შეცდომაში შეიყვანონ სხვები", — დაწერა კომპანიის სტრატეგიული პოლიტიკის მმართველმა მონიკა ბიკერმა.

ყალბი ვიდეოების ამოცნობაზე ფეისბუქის თანამშრომლები და დამოუკიდებელი ფაქტჩეკერები იმუშავებენ.

ახალი მიდგომა არ შეეხება პაროდიულ და ზოგადად იუმორისტულ ვიდეოებს.

Deepfake-ების გამოსააშკარავებლად ასევე მუშაობენ სხვა ისეთი გიგანტი კომპანიებიც, როგორიცაა, Google და Microsoft. გასული წლის სექტემბერში კი ფეისბუქმა დააანონსა, რომ Deepfake-ებთან საბრძოლველად დამატებით 10 მილიონ დოლარს გამოყოფდა. როგორც ჩანს, ფეისბუქი ყალბ ვიდეოებთან ბრძოლის საკითხს სერიოზულად ეკიდება.