2019 წელს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშინელებათა ჟანრის სერიალის, American Horror Story-ის მეცხრე სეზონი — 1984 გამოვიდა, რომელმაც ამ სატელევიზიო შოუს გულშემატკივრების დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც შოუს რეიტინგზეც აისახა — ამ სეზონმა ტელეარხ FX-ზე მაყურებლების რაოდენობის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ ერთგულმა ფანებმა შემდეგი სეზონის გამოსვლა მაშინვე მოუთმენლად დაიწყეს, ამ ლოდინს თან ახლდა ერთგვარი გულისტივილი იმაზე, რომ სერიალი სწორედ მეათე სეზონით დასრულდებოდა.

ამ სამწუხარო ფაქტთან მაყურებლებმა შეგუება რომ დაიწყეს, სულ ახლახანს FX-მა დააანონსა, რომ სერიალის კიდევ სამ სეზონს ვიხილავთ და ეს ანთოლოგია მეათეს ნაცვლად მეცამეტე სეზონით დასრულდება:

"რაიან მერფი და ბრედ ფალჩაკი საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო შოუს უდავო ოსტატები არიან, რომლებმაც შექმნეს ანთოლოგიის ტიპის სერიალი American Horror Story და კომპანია FX-ს დიდი წარმატება მოუტანეს ბოლო ათწლეულების ამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული შოუთი", — განაცხადა FX-ის წარმომადგენელმა, ჯონ ლედგრაფმა. მისი თქმით, მთელი შემოქმედებითი გუნდი მოხარულია, რომ შოუ კიდევ სამი სეზონით გაგრძელდება.

რაიან მერფი American Horror Story-ის მეასე ეპიზოდის გამოსვლასთან დაკავშირებულ წვეულებაზე სამსახიობო გუნდთან ერთად.

American Horror Story პირველად 2011 წელს გამოჩნდა ტელეეკრანებზე და მას შემდეგ ყოველწლიურად ახალი სეზონითა და ისტორიით ბრუნდება: ჩვენ უკვე ვიხილეთ ანთოლოგიის ისეთი დამოუკიდებელი ნაწილები, როგორებიცაა სასტუმრო, აპოკალიფსი თუ კულტი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება შემდეგი ოთხი სეზონის თემა, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცით: მომავალ სეზონში მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობ სახეებს ვიხილავთ.

"თუ პირველ სამ სეზონს გადაავლებთ თვალს, მაშინ მარტივად მიხვდებით, თუ ვინ შეიძლება დაბრუნდეს ახალ სეზონში", — განაცხადა შოუს შემქმნელმა, რაიან მერფიმ რამდენიმე თვის წინ.

მეტიც, სულ ახლახანს ამ სერიალის მაყურებლების საყვარელმა მსახიობმა, სარა პოლსონმა დაადასტურა, რომ მეათე სეზონში მას დანამდვილებით ვიხილავთ:

"რაიანს ვკითხე, თუ შემეძლო ამის შესახებ უკვე საჯაროდ მესაუბრა და მან ამის უფლება მომცა, ამიტომაც გიდასტურებთ: კი, American Horror Story-ში ვბრუნდები".

ისღა დაგვრჩენია თითები გადავაჯვარედინოთ და ვისურვოთ, რომ შოუს დარჩენილი საკულტო ვარსკვლავებიც მალე დაადასტურებენ ახალ სეზონში მათ დაბრუნებას.