ვარკეთილში პოლიციამ ანას ბაღის გადასარჩენად შეკრებილი 10 მოქალაქე დააკავა. დღევანდელი აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც კერძო კომპანიამ შპს ევროპული სამშენებლო ჰოლდინგმა ადგილზე ტექნიკა შეიყვანა. პოლიციამ თავდაპირვლად 6 პირი დააკავა, ამ დროისთვის კი მათი რაოდენობა გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთაგან ოთხს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ხოლო მოგვიანებით დაკავებულ კიდევ 6 პირს 166-ე მუხლთან ერთად 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობას გულისხმობ.

დღეს გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები სამშენებლო კომპანიის მანქანას წინ უწვებიან.

მოსახლეობა "ანას ბაღში" კორპუსის მშენებლობას უკვე 50 დღეა აპროტესტებს.

"დღეს დილით მშენებლებმა განახორციელეს სპეცოპერაცია. 50-მდე კერძო დაცვის თანამშრომელმა ხელით გააჩოჩა ჭიშკართან მდგარი თეთრი მიკროავტობუსი და ცოცხალი ძალის კორიდორში შეძლეს ტრაქტორის შეყვანა. როგორც ჩანს გზას უმზადებენ მიწისმთხრელს", — წერენ ანას ბაღის დასაცავად შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფის წევრები.