აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. შესაბამისად, 2019 წლის 20 სექტემბრის დე ფაქტო არჩევნებით არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობა რაულ ხაჯიმბას აღარ უკავია. სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ეხო კავკაზა წერს.

გადაწყვეტილება სასამართლომ ადგილობრივი ოპოზიციონერის და ყოფილი დე ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელის საფუძველზე მიიღო. ეხო კავკაზას ინფორმაციით, სასამართლო სხდომას მოპასუხე მხარეებიდან არც დე ფაქტო პრეზიდენტია და არც დე ფაქტო საარჩევნო ორგანოს წარმომადგენელი დასწრებია.

სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაავალდებულა ადგილობრივი საარჩევნო ორგანო, რომ ახალი დე ფაქტო არჩევნების თარიღი დანიშნოს. გადაწყვეტილება ძალაში გამოცხადებისთანავე შევიდა.

დე ფაქტო აფხაზეთში სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა დაპირისპირება.
6 იანვარს ოპოზიციის წევრებმა თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდეს, რომ 9 იანვარს სოხუმის ცენტრალურ მოედანზე, დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეკრებილიყვნენ. პროტესტი უკავშირდება პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს, რომელიც ითხოვს, რომ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები შედეგები გაუქმებულიყო.

გუშინ, 9 იანვარს ოკუპირებულ სოხუმში მოქალაქეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეღწევას ცდილობდნენ. როგორც ეხო კავკაზა წერდა, ადმინისტრაციასთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავდა. შენობასთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული და დემონსტრანტების შეკავებას ცდილობდნენ.