საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ირანში მიმდინარე ანსისამთავრობო აქციების დაშლა დაიწყო. შეკრებილები აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ოთხი დღის დაგვიანებით აღიარა უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გაზს იყენებს.

ირანული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ, რომლებიც დაღუპულებისადმი პატივისცემის ნიშნად სანთლებს ანთებდნენ, თუმცა მალე მათ სხვებიც შეუერთდნენ. როგორც Reuters ერთ-ერთ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, მოგვიანებით მიტინგი ანტისამთავრობო ლოზუნგებში გადაიზარდა და რამდენიმე პირმა გენერალ ყასემ სოლეიმანის ფოტოები დაწვა და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა.

ირანმა რამდენიმე საათის წინ, ოთხდიღანი დაგვიანებით აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი მათ ადამიანური შეცდომით ჩამოაგდეს, რაც ამერიკის ავანტიურიზმმა გამოიწვია. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განმარტებით, უკრაინული თვითმფრინავი "მგრძნობიარე" და "კრიტიკულ" ვითარებაში გაფრინდა და მიუახლოვდა სამხედრო წერტილს.

ირანის ამ აღიარებამდე საერთაშორისო მედია წერდა, რომ ირანმა უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო. მალევე გავრცელდა ვიდეომასალაც, სადაც შემთხვევა იყო ასახული.

8 იანვარს ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა პირი, 168 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი, გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. მათ შორის ირანის — 82, კანადის — 63, უკრაინის — 11, შვეიცარიის — 10, ავღანეთის — 4, გერმანიის — 3 და დიდი ბრიტანეთის — 3 მოქალაქე. უკრაინის 11 მოქალაქეს შორის 2 მგზავრი იყო, 9 კი ეკიპაჟს წევრი.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმფრინავი აფრენიდან თითქმის 2 წუთში რადარებიდან გაქრა. მათივე თქმით, მომხდარის გამო გაურკვეველი დროით ირანში ფრენებს შეწყვეტენ.

კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, ბოინგი 2016 წელს გამოშვებულია და ბოლო ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა. მისი თქმით, შემოწმებისას პერსონალს არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ აღმოუჩენია და არც ეკიპაჟს უცნობებია რაიმე სახის პრობლემაზე. მისივე თქმით, ეს ბოინგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მათ შორის, რაც კომპანიას გააჩნდა.

ირანი უარს ამბობს შავი ყუთი უკრაინას გადასცეს, თუმცა დათანხმდა იმას, რომ გამოძიებაში უკრაინელი ექსპერტებიც ჩაერთონ.