პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს "მადლობა უნდა გადაუხადონ" იმისთვის, რომ ხელისუფლების დამხობის შესახებ "აღიარებითი ჩვენება მისცა".

"გაირკვა, რომ როდესაც ნიკანორ მელია აძლევდა ნიშანს საკუთარ აქტივისტებს პარლამენტში შეჭრასთან დაკავშირებით, ეს დავალება მან სააკაშვილისგან მიიღო", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისის მოვლენებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მათი თქმით, სააკაშვილის რიტორიკა ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე მიუთითებს.

უწყება სააკაშვილს 12 იანვარს გაკეთებულ განცხადებას ედავება: "2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა".