საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ინიციატივა აქვს, რომ ჩიჩილაკსა და კალანდობის დღესასწაულს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი გურიაში 3 დღით ჩავიდა და ადგილზე რამდენიმე ღონისძიებას გამართავს.

"ვთხოვ მემკვიდრეობის სააგენტოს და ამაში მეც შევიტან წვლილს, რომ შემდეგ გავიტანოთ იუნესკოში, რომ ეს მსოფლიო არამატერიალურ სიაში შევიდეს. ეს არის ძალინ ძლიერი ნიშანი, ამავე დროს, ეს არის ძალიან ეკოლოგიური. ჩვენ, მართალია, მთელ მსოფლიოში მოვფინეთ ჩვენი ნაძვის ხე, მაგრამ ეს არის უფრო ეკოლოგიური და ეს არის უფრო ქართული, ამიტომ ჩიჩილაკი იყოს ამ წლის ბედნიერების მომტანი", — თქვა სალომე ზურაბიშვილმა

პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად გურიაში, ოზურგეთის სოფელ დვაბზუშია, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლობიოთი, მჭადითა და პრასით დახვდნენ. სალომე ზურაბიშვილი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღონისძიება "კალანდა 2020"-ს ესწრებოდა.