კომიქსის მოყვარულებს კარგად ახსოვთ ოსკაროსანი მსახიობის, ჯარედ ლეტოს მიერ 2016 წელს გამოსულ ფილმ Suicide Squad-ში შესრულებული ჯოკერის როლი, რომელმაც დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა. ამჯერად მსახიობმა DC-ის სამყაროდან მარველში გადაინაცვლა და ახალ ვილანად მოგვევლინა.

Morbius — ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ამავე სახელწოდების მქონე კომიქსის პერსონაჟის შესახებ მოგვითხრობს. მორბიუსი ბიოქიმიკოსია, რომელიც სისხლის განუკურნებელი დაავადებით იტანჯება. სწორედ ამის გამო ის გადაწყვეტს მკურნალობის უჩვეულო მეთოდს მიმართოს და ღამურების საშუალებით განიკურნოს.

ამ შემთხვევის გამო ჯარედ ლეტოს პერსონაჟი ღამურისთვის დამახასიათებელ უნარებს მიიღებს და ერთგვარ ვამპირად გადაიქცევა, რომელიც საკუთარ თავზე კონტროლს დაკარგავს.

მარველის სხვა რომელიმე პერსონაჟის ისტორიას ხომ არ გახსენებთ? მართალია, იმასთან ერთად, რომ მორბიუსი თავისი ინფიცირების გამოცდილებით ადამიან-ობობას ჰგავს, ის ამასთანავე პირველად სწორედ პიტერ პარკერის სამყაროში გამოჩნდა — 1971 წელს გამოქვეყნებულ კომიქსში The Amazing Spider-Man.

ფილმის ტრეილერშიც ჩანს მინიშნება იმის შესახებ, რომ ამ ორი პერსონაჟის სიუჟეტური ხაზი მალე გადაიკვეთება.

ფოტო: Sony

ისღა დაგვრჩენია, რომ სუპერგმირების მოყვარულებმა ამ საოცრად დაძაბული და საინტერესო სიუჟეტური პერსპექტივის მქონე ვილანის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერას — 31 ივლისს მოუთმენლად დაველოდოთ.