საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის The Human Right Watch-ის მიერ საქართველოში 2019 წლის მოვლენების შეფასებით ანგარიშში, ნათქვამია, რომ სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

მათი შეფასებით, დაფინანსების არქონის მიზეზით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელიც სამართალდამცავთა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოსაძიებლად შეიქმნა, ფუნქციონირება 2019 წლის პირველ ნოემბრამდე ვერ დაიწყო.

ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წლის იანვრიდან სექტემბრამდე სახალხო დამცველის აპარატში ციხის პერსონალისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 54 საჩივარი შევიდა, საიდანაც 52 საჩივარზე ომბუდსმენის აპარატმა პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართა. თუმცა, სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთ მათგანზე არ დაწყებულა.

ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა 20 ივნისის აქციის დაშლაც. მათივე თქმით, სპეცდანიშნულების დანაყოფებმა, რომლებმაც თავიდან თავშეკავება გამოიჩინეს, შუაღამეს ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რეზინის ტყვიები დაუშინეს დემონსტრანტებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ისინი მისდევდნენ და აპატიმრებდნენ ხალხს, ვინც შეკრებას ცდილობდა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მომხდარზე ხელისუფლება პასუხისმგებლობის ცალმხრივად დაკისრებას ცდილობდა. მათივე შეფასებით, პროკურატურამ დაზარალებულად 67 პოლიციელი და მხოლოდ 4 მოქალაქე სცნო, რითაც ბევრ დაშავებულ დემონსტრანტს გამოძიების მასალების გაცნობის შესაძლებლობა წაართვა.

"დაიწყო რა გამოძიება მასობრივი არეულობის მოწყობაზე, სულ ცოტა, 19 ადამიანს წარედგინა ბრალი, რომელთაგან 15 წინასწარ პატიმრობაში რჩებოდა ამ ანგარიშის მომზადების დროს. ოპოზიციონერ პარლამენტარ ნიკა მელიას შინაპატიმრობა შეეფარდა. ნოემბერში, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, დაზარალებულად კიდევ სამი ადამიანი იქნა ცნობილი", — ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა, ხოლო სასამართლომ 121 დემონსტრანტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 15 დღემდე პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო, სამ პოლიციელი, რომელსაც ბრალი უფლებამოსილების გადამეტების და დაკავებული დემონსტრანტის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ჰქონდათ წაყენებული, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

ასევე აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 პოლიციელს გამოუცხადა საყვედური გადაცდომებისთვის, ხოლო 2 საქმე პროკურატურაში გადააგზავნა. პროკურატურამ სახალხო დამცველს მისცა უფლებამოსილება გასცნობოდა სამართალდამცავთა მოქმედებებზე მიმდინარე გამოძიებას მასალებს.