საქართველოს დედაქალაქი მონაწილეობას იღებს კონკურსში ევროპის საუკეთესო მიმართულება 2020. პირველობისთვის თბილისმა კონკურენცია უნდა გაუწიოს ისეთ ქალაქებს როგორიცაა: პარიზი, რეიკიავიკი, პრაღა, რომი, ვენა, მადრიდი და სხვები.

სამოგზაუროდ საუკეთესო ევროპული ქალაქის გამოსავლენად ხმის მიცემა უკვე დაიწყო. მსურველები უნდა გადავიდნენ საიტზე European Best Destination და ქალაქი შეარჩიონ. ხმის მისაცემად რეგისტრაცია საჭირო არ არის. ერთი IP მისამართიდან პოზიციის დაფიქსირება მხოლოდ კვირაში ერთხელ შეიძლება.

კონკურსზე თბილისის მხარდასაჭერად შექმნილია სპეციალური ჰეშთეგიც #votefortbilisi.

ვებ-გვერდზე თბილისის დახასიათებაში ვკითხულობთ, რომ ეს არის ქალაქი, სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ძველი და ახალი ქალაქის არქიტექტურა და რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო სხვადასხვა ეთნოსის, რელიგიებისა და კულტურის ხალხების სახლი. ქალაქის შექმნის ლეგენდასთან, ქართული სუფრისა და თამადის ტრადიციასთან ერთად, დახასიათებაში აღნიშნულია, რომ თბილისი ნამდვილი სამოთხეა გურმანებისთვის და სტუმრებს ერთი ნახვით აჯადოებს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, კონკურსისთვის სპეციალურად შეირჩა 8 ფოტოგრაფის გადაღებული ფოტოები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებიდან. მისი თქმით, ამ კონკურსში გამარჯვება მნიშვნელოვანია ქალაქის ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის.

ნახეთ თბილისის ფოტოები, რომლებიც ვებ-გვერდზე არის განთავსებული.

ფოტო: European Best Destination

ფოტო: European Best Destination

ფოტო: European Best Destination

ფოტო: Fesenko - Shutterstock

ფოტო: European Best Destination