სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე პოლიციამ დააკავა. შემთხვევა დღეს, 18 იანვარს თბილისში, ცირკის მიმდებარედ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავების დროს ნატა ფერაძე ფეისბუქის პირდაპირ ეთერში იყო. მან ტრანსგენდერ ქალებს შეშა მიუტანა. ერთ-ერთ ვიდეოში ისმის, რომ ნატა ფერაძე ტრანსგენდერ ქალს გამოესარჩლა და ადგილზე მყოფ პატრულს ჰკითხა, თუ რა მუხლით დააკავეს ერთ-ერთი მოქალაქე. მას შემდეგ, რაც სამოქალაქო ფორმიანმა კაცმა მას "დაწყნარებისკენ" მოუწოდა, ნატა ფერაძემ უპასუხა: "კიდევ ერთხელ მეტყვი მაგას და შემოგილაწუნებ". ამის შემდეგ ეკიპაჟმა იგი პატრულის მანქანით წაიყვანა.