ბუკინგემის სასახლის განცხადებით, პრინცი ჰარი და მეგანი ბრიტანეთის სამეფო ტიტულს ვეღარ გამოიყენებენ და ვერც სახელმწიფო სახსრებს მიიღებენ. BBC-ის ცნობით, წყვილი, ასევე, აღარ წარმოადგენს დედოფალს. გავრცელებული განცხადების თანახმად, ახალი შეთანხმება მიმდინარე წლის გაზაფხულზე შევა ძალაში.

სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის განცხადებით, ისინი 2,4 მილიონი ფუნტი სტერლინგის ანაზღაურებას გეგმავენ ფროგმორის რეზიდენციის აღსადგენად, რომელიც მათი სახლი იქნება დიდ ბრიტანეთში.

"ჰარი, მეგანი და არჩი ჩვენი ოჯახის საყვარელ წევრებად რჩებიან... მე ვაცნობიერებ მათ გამოწვევას, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეხვდათ, მაგალითად, როგორიცაა, ინტენსიური დაკვირვებები. მე მხარს ვუჭერ მათ სურვილს, ჰქონდეთ უფრო დამოუკიდებელი ცხოვრება. მე მინდა მადლობა გადავუხადო მათ იმისთვის, რაც ამ ქვეყნისთვის გააკეთეს და განსაკუთრებულ სიამაყეს გამოვხატავ იმის გამო, თუ როგორ შეძლო მეგანმა ასე სწრაფად გამხდარიყო ჩვენი ოჯახის წევრი. მთელი ჩემი ოჯახი იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეთანხმება მათ საშუალებას მისცემს დაიწყონ ახალი და ბედნიერი ცხოვრება", — წერია დედოფლის განცხადებაში.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი აცხადებენ, რომ "აპირებენ სამეფო ოჯახის "წოდებით ზემდგომ" წევრობაზე უარი თქვან და იმუშაონ, რათა ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ".

რაზე თქვა უარი ამ გადაწყვეტილებით სამეფო წყვილმა?

სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიერ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ ამიერიდან ისინი აღარ მიიღებენ დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან ფინანსურ მხარდაჭერას. აქამდე მათი ხარჯების 5%-ს ბრიტანეთის მთავრობა აფინანსებდა, დანარჩენ 95%-ს კი პრინც ჰარის მამა, პრინცი ჩარლზი პირადი ქონებიდან.

ეს გადაწყვეტილება ჰარის და მეგანს საშუალებას მისცეს, რომ ანაზღაურებადი სამსახურით გამოიმუშავონ ფული, რაც მანამდე არ შეეძლოთ.

"მათთვის ძვირფასია შესაძლებლობა, რომ პროფესიული უნარებით შემოსავლების მიღება შეძლონ, რაც ამჟამინდელი სამეფო სტრუქტურით აკრძალული ჰქონდათ. ამის გამო მათ გადაწყვიტეს გახდნენ სამეფო ოჯახის ისეთი წევრები, რომლებიც ფინანსურად დამოუკიდებლები იქნებიან", — ვკითხულობთ განცხადებაში.