ჩინეთში ახალი ვირუსით ინფიცირების კიდევ 139 შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, უცნობი ვირუსი პეკინში ორ ადამიანს აღმოუჩინეს, ხოლო შენზენში ერთს. როგორც ჩანს, სამივე პაციენტი ქალაქ ვუჰანში იყო ნამყოფი, სადაც ვირუსი თავდაპირველად აღმოაჩინეს.

ამჟამინდელი მონაცემებით, ჩინეთში ვირუსით ჯამში 201 ადამიანია დაინფიცირებული.

ვუჰანის მუნიციპალური ჯანმრთელობის კომისიის ცნობით, ინფექციის 136 ახალი შემთხვევიდან ერთი ფატალური აღმოჩნდა, 33 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ახალი ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 62-ს არ აღემატებოდა.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) განცხადების მიხედვით, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების შემთხვევები შეზღუდულია.

ჩინეთის გარდა ვირუსული ინფექციის შემთხვევები იაპონიაში და ტაილანდშიც გამოვლინდა. ინფექციის წყაროდ ძირითადად ქალაქი ვუჰანი მოიაზრება. ვირუსით დაავადებული პაციენტები ახლო წარსულში სწორედ ამ ქალაქში იმყოფებოდნენ.

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიხედვით, სეულში 35 წლის ქალი, რომელიც ვუჰანიდან მოფრინავდა, კარანტინში გადაიყვანეს. ეს კორეაში ახალი ვირუსული ინფექციის პირველი შემთხვევაა.

ჩინეთში ახლა საახლწლო სეზონია. ამ დროს ჩინეთის საზღვრებს 7 მილიონამდე ადამიანი ტოვებს. საზღვარგარეთ დაფიქსირებული ინფექციის შემთხვევები სწორედ ჩინელ ტურისტებს აღენიშნებათ. ჩინეთის წარმომადგენლების თქმით, ვირუსის წყარო ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარია, რომელიც ვირუსის გამოჩენასთან ერთად, დროებით დაიხურა და იქ დეზინფექციის სამუშაოები მიმდინარეობს.

8 იანვარს ჩინელმა მეცნიერება დააზუსტეს, რომ ახალი პათოგენი კორონავირუსების ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომლის წარმომადგენლებიც მძიმე მწვავე რესპირატორული (SARS) სინდრომს იწვევენ ხოლმე.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ახალი ვირუსის გავრცელება საგანგაშოდ ჟღერს, ინფექციის გავრცელების რისკი საკმაოდ დაბალია.

"მოსახლეობის და ფრენის რაოდენობის გათვალისწინებით, ჩვენი გაანგარიშებით, იმის შანსი, რომ ვუჰანიდან საზღვარგარეთ მიმავალს ახალი ვირუსი ჰქონდეს 574-ში 1-ი [0.17%]", — განაცხადა ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარმა ნილ ფერგუსონმა.

მსოფლიოს გარშემო, ზოგიერთი ქვეყნის აეროპორტებში ვუჰანიდან მიმავალი ტურისტების სკრინინგს გააკეთებენ. უშუალოდ ვუჰანის აეროპორტში და საჯარო ტრანსპორტის სადგურებში კი ინფრაწითელი თერმომეტრები დაყენდა, რომლებიც მგზავრების ტემპერატურას გაზომავენ.