1997 წელს იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პიაჩენცას თანამედროვე ხელოვნების გალერეიდან სახელოვანი ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის ნახატი მოიპარეს, რომელსაც ქალის პორტრეტის სახელით იცნობენ.

კლიმტის ეს ნახატი დაახლოებით 60 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

ქალის პორტრეტი 23 წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, სანამ რამდენიმე კვირის წინ მებაღეებმა სუროს გასუფთავებისას იმავე გალერეის კედელში მოულოდნელად არ აღმოაჩინეს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხვდა ხელოვნების ეს მნიშვნელოვანი ნიმუში იქ, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და გამომძიებელი ორნელა ჩიკას განცხადებით, სპეციალური შემოწმების შემდეგ დადგინდება, ნახატი გაუჩინარებიდან მთელი შემდეგი პერიოდი იქ იყო, თუ მოგვიანებით მოათავსეს კედელში.

ადგილი, სადაც ნახატი იპოვეს.

ფოტო: RAI TV

გამომძიებლისვე თქმით, როგორც კი ყველა ეს საჭირო პროცედურა ჩატარდება, ნახატი კვლავ გამოიფინება გალერეაში.

ნახატის აუთენტურობის დასადგენად ექსპერტებმა ინფრაწითელი და ულტრაიისფერი გამოსხივება გამოიყენეს და ამჟამინდელი მონაცემები 1996 წელს გაკეთებულ მსგავსი კვლევის შედეგებს შეადარეს.

"ამ ორ მონაცემს შორის მსგავსება იმდენად მაღალია, რომ მტკიცედ შეგვიძლია ვთქვათ — ეს ნამდვილად კლიმტის ორიგინალი ნახატია", — განაცხადა ნახატის შემსწავლელმა ერთ-ერთმა ექსპერტმა.

ფოტო: Antonio Calanni

ექსპერტებისვე თქმით, ნახატი კარგ მდგომარეობაშია და მხოლოდ მცირე დაზიანებები აქვს, რომლებიც მარტივი რესტავრაციის საშუალებით აღდგება.

მსოფლიოში ცნობილმა ხელოვანმა, გუსტავ კლიმტმა ეს ნახატი სიცოცხლის ბოლოს, 1916-17 წლებში დახატა. 1996 წელს სტუდენტმა კლაუდია მაგამ დაადგინა, რომ ეს ნახატი კლიმტის სხვა, 1912 წელს შექმნილ ცნობილ პორტრეტზეა გადახატული.

პირვანდელ ნახატზე ვენელი გოგო იყო გამოსახული, რომელიც კლიმტს უყვარდა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ გამოწვეული ტკივილი რომ დაევიწყებინა, კლიმტმა ნახატის გაქრობა მასზე ახალი პორტრეტის დახატვით სცადა.

ჩვენთვის ნაცნობი ეს ნახატი კი 1925 წელს კოლექციონერმა ჯუზეპე რიჩიმ შეიძინა და მას შემდეგ 1997 წლამდე პიაჩენცას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ინახებოდა.