ცოტა ხნის წინ გადაცემა Good Morning America-ს ლეგენდარული როკვარსკვლავი, ოზი ოსბორნი ცოლთან, შერონ ოსბორნთან ერთად ესტუმრა და თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გულახდილად ისაუბრა.

71 წლის მუსიკოსმა გადაცემაში გაამხილა, რომ პარკინსონის დაავადებას ებრძვის:

"პარკინსონის დაავადება მაქვს და ამის აღიარების შემდეგ ახლა უკვე უკეთესად ვგრძნობ თავს. იმედი მაქვს, რომ ფანები გვერდში დამიდგებიან, რადგან ახლა ეს ძალიან მჭირდება".

ინგლისური სახელგანთქმული როკჯგუფის, Black Sabbath-ის ვოკალისტმა ისიც განაცხადა, რომ გასულ წელს კიდევ სხვა მრავალი ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რის გამოც 2019 წელი "ყველაზე მტკივნეული და უბედური" იყო მისთვის.

ოზი ოსბორნის განცხადებით, მან გასულ წელს კისრისა და ხერხემლის მძიმე ოპერაციაც გადაიტანა:

"ბოლო კონცერტის შემდეგ ცუდად დავეცი და იძულებული გავხდი კისერზე ოპერაცია გამეკეთებინა, რადგან ნერვები დამიზიანა. სწორედ მაშინ გავიგე, რომ პარკინსონის მსუბუქი ფორმა მქონდა."

მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა მისმა ცოლმა, შერონ ოსბორნმაც:

"სხვადასხვა ტიპის პარკინსონის დაავადება არსებობს. ეს არ არის სასიკვდილო განაჩენი, მაგრამ ის მთელი სხეულის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს: შეიძლება ერთ დღეს კარგად იყო, სხვა დღეს კი საშინლად."

ლეგენდარული მომღერალი დაავადებასთან ბრძოლას მკურნალობით აგრძელებს და არ უნდა, რომ ფანებმა ის უკვე მიატოვონ:

"მე ჯერ არ დამისრულებია და არსად წასვლას არ ვაპირებ".