პარლამენტის წინ აღმართულ ჯებირებზე მოძრაობა გაბედეს, შეცვალესა და #სირცხვილიას აქტივისტებმა პლაკატები წარწერით "გხედავ" გააკრეს. მათი თქმით, არ აპირებენ პროტესტი შეწყვიტონ. აქტივისტებმა ჯებირებზე გააკეთეს წარწერები: "ფრთხილად, ეზოში ავი ქოცია", "ბიძინას ბოსტანი".

"აღმოჩნდა, რომ არანაირი კონკრეტული ხელშეკრულება არ არსებობს, რომ აქ შეიძლება მშენებლობა. ის ხელშეკრულება, რომელიც არსებობს, იქ არ არის მითითებული, რომ პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოხდეს რეაბილიტაცია. ეს არის შიში კახი კალაძის და ბიძინა ივანიშვილის, რომ არ გაგრძელდეს პროტესტი, მაგრამ ამით, აი ამ ღობით ვერანაირ პროტესტს ვერ შეაჩერებენ", — თქვა მთავარ არხთან საუბრისას ერთ-ერთმა აქტივისტმა

22 იანვრის თბილისის მთავრობის სხდომაზე კახი კალაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინ "საშინელი მდგომარეობაა" და მერია რეაბილიტაციას იწყებს. ეს ის ადგილია, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ მუდმივად იმართება აქციები და რამდენიმე წელია შვილმოკლული მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი დგას.

პარლამენტის წინ საახალწლო ატრაქციონები სპეციალურმა სამსახურებმა ღამის განმავლობაში აიღეს და ღობით ჩაანაცვლეს. ამ დროისთვის ეს ტერიტორია მწვანე ჯებირითაა შემოღობილი.

პარლამენტის წინა ტერიტორია თბილისი მერიამ 31 დეკემბერს მორეცხა. კარვების აყრისა და ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ მერიამ აქ საახალწლო ატრაქციონები დაამონტაჟა. 31 დეკემბერს პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ძალით გაიყვანეს #სირცხვილიას აქტივისტები და ჯამში 9 პირი დააკავეს.

მერიამ პარლამენტის შენობის წინ შადრევნის გარემონტებისთვის ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. 2018 წელს მომზადებული სატენდერო პირობების მიხედვით პროექტის ღირებულება 19 706 ლარი იყო. საპროექტო ობიექტის აღწერაში მითითებული იყო, რომ პარლამენტის შენობის წინ მოედანზე, განთავსებულია შადრევანი, რომლის სატუმბი სადგური მდებარეობს მიწის ქვეშ. ატმოსფერული ნალექების მოსვლის დროს კი წყალი ჟონავს, რაც საფრთხეს უქმნის და აზიანებს მიწისქვეშ განთავსებულ სატუმბ სადგურს.