რუსი დეპუტატი, პეტრე ტოლსტოი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ ოკუპაციის შესახებ კანონის გვერდის ავლით აპირებს, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებს უმასპინძლოს, ამბობს, რომ პრეზიდენტისგან ჯერ "ბოდიშს" ელოდება. ტოლსტოის თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ განიხილება რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი.

"საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ველოდებით რუსეთს. ჩვენ პრეზიდენტისგან და პარლამენტისგან ველოდებით ბოდიშს იმ ინციდენტისთვის, რომელიც ჩვენს კოლეგა გავრილოვს შეემთხვა. ამის შემდეგ განვიხილავთ ამ საკითხს", — განუცხადა ფორმულას პეტრე ტოლსტოიმ.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ოკუპაციის შესახებ კანონის გვერდის ავლით აპირებს, რომ რუსეთის დელეგაციის ისეთ წევრებს უმასპინძლოს, რომელთაც შესაძლოა ეს კანონი დარღვეული ჰქონდეთ. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსეთის დელეგაციის წევრის, ლეონიდ კალაშნიკოვს კითხვაზე პასუხად განუცხადა, რომელიც თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალს ეხებოდა.

კალაშნიკოვმა ზურაბიშვილს გაზაფხულზე დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით კითხვის დასმისას უთხრა, რომ "საქართველო ხდება საშიში არა მხოლოდ პოლიტიკური, რელიგიური, ეროვნული უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც".

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, ევროსაბჭოს მინისტერიალს მაისში უნდა უმასპინძლოს. მინისტერიალში ფარგლებში შესაძლოა, რომ ქვეყანას რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრებიც ესტუმრონ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.