დაცული ტერიტორიების სააგენტო ამჯერად ჰიპსტერ ირემს გვაცნობს, რომელიც კამერის წინ იპრანჭება და ლამაზი სელფის გადაღებას ცდილობს.

სამწუხაროდ, მან არ იცის, რომ ფოტოს ნაცვლად ვიდეო "აქვს" ჩართული, თუმცა შეიძლება ამ ვიდეოს კარგი მხრიდან შევხედოთ, მისი მოძრაობები ავითვსოთ და საუკეთესო მომენტები ვისწავლოთ — განსაკუთრებით ეფექტიანი პოზებია, რომელშიც ირემი კადრში ცალი თვალით იყურება, ყელს იღერებს ან კამერაზე დრუნჩით აორთქლებს.

ვიდეო ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზეა გადაღებული, სააგენტო მას შემდეგი წარწერით აქვეყნებს:

"ირემმა ვიდეო "სელფი" არ იკმარა და ფოტოხაფანგის დაგემოვნება გადაწყვიტა".

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ირმების სხვა ვიდეოებიც გამოაქვეყნა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდან და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან.