კომუნისტური პარტიის რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიაჩნია, რომ საქართველო მზადაა რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობა აღადგინოს. მის განცხადებას საპარლამენტო გაზეთი ავრცელებს. გავრილოვი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც თბილისში ევროსაბჭოს ასამბლეაზე რუსი დეპუტატების დაშვებას ეხებოდა.

მისივე თქმით, მართლმადიდებელი დეპუტატები, მათ შორის რუსეთიდან, მზად არიან საქართველოში ჩავიდნენ, თუ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები სიმართლე აღმოჩნდება.

"როგორც ჩანს, საქართველო მზადაა რუსეთთან სამშვიდობო ურთიერთობის აღდგენაში აქტიური ნაბიჯებისთვის, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობებითა და ელჩების გაცვლით. ეს მნიშვნელოვანია, მათ შორის 9 მაისის იუბილეს მოახლოებასთან ერთად. ჩვენ მზად ვართ პატივი მივაგოთ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე დაღუპულებს. საქართველო მრავალეთნიკური იყო — რუსები, სომხები, ბერძნები, ქურთები, აფხაზები. ჩვენ ისევ ველით, რომ საქართველო მრავალეთნიკური კეთილგანწყობილი რესპუბლიკა გახდება", — განაცხადა გავრილოვმა.

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, ევროსაბჭოს მინისტერიალს მაისში უნდა უმასპინძლოს. მინისტერიალის ფარგლებში, შესაძლოა, რომ ქვეყანას რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრებიც ესტუმრონ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.

29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ოკუპაციის შესახებ კანონის გვერდის ავლით აპირებს, რუსეთის დელეგაციის ისეთ წევრებს უმასპინძლოს, რომელთაც შესაძლოა ეს კანონი დარღვეული ჰქონდეთ. ზურაბიშვილმა რუს დეპუტატს უთხრა, რომ "რუსეთის პოლიტიკისგან განსხვავებით, საქართველოში საერთაშორისო ვალდებულებებს პატივს სცემენ" და ამ ვალდებულებების გამო ეროვნული კანონმდებლობისთვის გვერდის ავლას აპირებენ.

"ეს არ არის მარტივი. ამას მოსახლეობა მარტივად არ მიიღებს, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებას სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციაში პროტესტი მოყვა.

ამავე თემაზე: