საქართველოს მთავრობამ აშშ-სთან ურთიერთობების განმტკიცებისა და კავშირების დამყარებისთვის ლობისტურ კომპანია Chartwell strategy group-თან ხელშეკრულება განაახლა. დოკუმენტი, რომელიც 27 იანვრით თარიღდება, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზეა განთავსებული.

როგორც ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, ლობისტური კომპანია საქართველოს მთავრობას დაეხმარება აშშ-ს მხრიდან უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერის გაძლიერებაში. კომპანია იმუშავებს, აშშ-დან პირდაპირი ინვესტიციებისა და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების საკითხებზე. ამასთან, კომპანიის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო მედიასთან კომუნიკაციასაც.

ამ ლობისტურ კომპანიას საქართველოს მთავრობა, მომსახურებისთვის ანაზღაურების სახით, 2019 წლის ხელშეკრულებით ყოველთვიურად 65 ათას დოლარს უხდიდა.

ბოლო ორი თვეში საქართველოს მთავრობამ აშშ-დან რამდენიმე კრიტიკული წერილი მიიღო. ბოლო წერილი პრემიერ-მინისტრს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა გამოუგზავნეს. წერილში ხაზგასმულია, რომ საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. აქამდე ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ კრიტიკული წერილების მიუხედავად, სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება.

მიზეზად სენატორები ბოლოდროინდელ მოვლენებს ასახელებენ, რომლებმაც მათი თქმით, კითხვები გააჩინა საერთო ღირებულებების არსებობაზე.

გაიგეთ მეტი სენატორების წერილზე:

გაიგეთ მეტი კონგრესმენების წერილებზე: