აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ მაუწყებელი დატოვა. ამის შესახებ ზოიძემ საკუთარ ფეისბუქზე დაწერა. როგორც ზოიძე ამბობს, აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ დააკმაყოფილა მისი თხოვნა სამსახურიდან წასვლის შესახებ, თუმცა "ვერ იტყვის", რომ ეს ნებაყოფლობითი პროცესია.

ზოიძის განმარტებით, იძულებული გახდა, რომ მაუწყებლიდან წასვლის გადაწყვეტილება მიეღო, რადგან ხელშეკრულება "საქმის კეთების საშუალებას აღარ იძლეოდა".

"ჩემი გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო: ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რისთვისაც არაფრის გაკეთების საშუალებას არ მაძლევენ; კოხრეიძე არასასურველ თანამშრომლებს რეორგანიზაციის გზით მაინც ჩამოიცილებს, დაასუსტებს არხის სარედაქციო პოლიტიკას", — წერს ზოიძე.

ნათია ზოიძის თქმით, ის სამუშაოდ TV პირველში გადადის, თუმცა გიორგი კოხრეიძესთან დავას აგრძელებს.

წამოსვლამდე ნათია ზოიძემ გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. ზოიძე მიიჩნევს, რომ გიორგი კოხრეიძის ქმედებებში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

გიორგი კოხრეიძე აცხადებდა, რო მას აქვს ნათია ზოიძის სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერები, რომელსაც გაასაჯაროებს თუ მისი პირობები არ იქნება მიღებული. ამასთან, ტელევიზიის დირექტორი მის მოადგილეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებდა.

აჭარის ტელევიზიაში დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდნენ. ტელევიზიების თანამშრომლებს მიაჩნდათ, რომ ხელისუფლება მათზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა. დირექტორის გადაყენებიდან რვა თვის განმავლობაში კონკურსი სამჯერ ჩაიშალა, მეოთხე ცდაზე კი მმართველი პარტიისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომლის მიმართაც თანამშრომლებს კითხვები აქვთ.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ჯერ კიდევ კენჭისყრამდე ამბობდა, რომ კოხრეიძის არჩევით სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნებოდა. კოხრეიძემ დანიშვნის დღესვე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას განაცხდა, რომ ჟურნალისტებს კრიტიკულ ტონს უწუნებდა. ამავე ეთერში მან უყვირა წამყვანს, თეონა ბაკურიძეს, რაც იმით განმარტა, რომ ჟურნალისტი მის კითხვებს არ პასუხობდა. საუბრის გაგრძელების შემდეგ კი მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაამართლა, რომელმაც ბაკურიძეს ეთერში "დაოკებისკენ" მოუწოდა. კოხრეიძის თქმით, ამ რეპლიკამდე რიჟვაძე წამყვანმა მიიყვანა.

წინა დირექტორის მოადგილე, დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი და ამჟამადაც დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე კი აცხადებს, რომ კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორებისკენ მოუწოდებს ან სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრება.

კოხრეიძის არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტატმა ზვიად ქორიძემ და მედიამენეჯერმა, მარინა ვაშაყმაძემ.