პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათ მიერ შეთავაზებული 100/50-ზე საარჩევნო სისტემა პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატების მხარდაჭერას მოიპოვებს. მისივე თქმით, მაჟორიტარების კიდევ უფრო შემცირება კი ისევ კანონპროექტის ჩავარდნას გამოიწვევს.

"მაჟორიტარებმა უკვე მიიღეს ერთი გადაწყვეტილება, 40-მა მაჟორიტარმა თქვა, რომ მიუღებელი იყო მათთვის პროპორციული სისტემა. ახლა იგივე მაჟორიტარებს ვეუბნებით, რომ მათი სამაჟორიტაროები უქმდება, ოღონდ სხვა ფორმით... 50-ში საკუთარ თავებს მაჟორიტარები დაინახავენ, 25-ში ვერ დაინახავენ. ისე რომ მოხდეს, ხუთი კაცი მაგიდასთან შევთანხმდეთ და მეორედ ჩაგვივარდეს კანონპროექტი, ეს იქნება ძალინ მძიმე დარტყმა და ამაზე ვერ წავალთ", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა კვირის თემაში.

მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის ოპოზიცია ქართული ოცნებისთვის 100/50-ის ალტერნატიული წინადადების შეთავაზებას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ოპოზიციური პარტიები მმართველ გუნდს მაჟორიტარი დეპუტატების რიცხვის კიდევ უფრო შემცირებას შესთავაზებენ.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და ქართული ოცნების ე.წ. აჯანყებულმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო პროტესტი დაიწყო. დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფები ერთი მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდნენ — ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემითა და ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება.

პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიპლომატების მედიატორობით მოლაპარაკებების ფორმატი დაიწყო. მოლაპარეკებათა ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. მმართველმა გუნდი ოპონენტებს ახალ სამოქმედო გეგმას სთავაზობს. საუბარია იმაზე, რომ პარლამენტში პროპორციული წესით 100 დეპუტატი აირჩიონ, ნაცვლად 77-სა. ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.