ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი გიგი უგულავას დაკავებაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატიაა არაა. ამის შესახებ მან ტვიტერის გვერდზე დაწერა.

"ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა დღეს დააპატიმრეს და 38 თვით პატიმრობა მიუსაჯეს ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. იმის თქმა, რომ ეს შემაშფოთებელია, მსუბუქი შეფასება იქნებოდა. სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატიული არ არის", — წერს ადამ კინზინგერი.

უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გიგი უგულავას პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციის ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ თვითონ მივიდა. უგულავას თქმით, ციხეში მესამედ მიდის და მიაჩნია, რომ იქ თავისუფლება არ ეზღუდება, პირიქით საქართველოში ციხეა თავისუფლების ადგილი.

თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა. მასთან ერთად შემადგენლობაში იყვნენ მოსამართლეები, მერაბ გაბინაშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს, რაზეც გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული 4 პირი 2018 წლის თებერვალში დამნაშავედ სცეს. გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ ცნო. უგულავას მიუსაჯეს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა. მას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ თბილისის მერმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგი უგულავამ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა: "თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად".