ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, 4 აპრილს, 4 საათზე მასშტაბურ საპრტესტო აქციას გამართავენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულ შეთანხმებასაც გააჟღერებენ. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მანამდეც გაიმართება საპროტესტო აქციები, რომელთა გეგმას მოგვიანებით გააჟღერებენ.

"რეჟიმი გადავიდა აღვირახსნილ დიქტატურაზე... ქართველი ხალხი არ დაიჩოქებს, არ შეუშინდება, ამიტომ ამ წუთიდანვე ვიწყებთ მზადებას ძალიან დიდი სახალხო თავყრილობისაკენ", — განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ისინი უკვე გადაანაწილებენ მაჟორიტარული ოლქებს კანდიდატებზე და ფაქტობრივად დაიწყება საარჩევნო პროცესები.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ კი განმარტა, რომ მათი მოქმედების პრინციპი განპირობებულია იმით, თუ რა წაადგება ოპოზიციური სპექტრის გამარჯვებას.