აშშ-ის სენატორებისა და კონგრესმენებისგან კრიტიკული წერილების შემდეგ ქართულმა ოცნებამ ახალ ლობისტურ კომპანია Hogan Lovells-თან გააფორმა კონტრაქტი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების მიხედვით, პარტია კომპანიას ერთი წლის განმავლობაში თვეში $75000-ს გადაუხდის.

ხელშეკრულება 2020 წლის 21 იანვარს არის გაფორმებული და ვადა 2021 წლის 31 იანვრამდე აქვს. მისი ჯამური ღირებულება კი $900 000 გამოდის.

ხელშეკრულების მიხედვით, ლობისტური კომპანია მმართველ გუნდს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიას შეიმუშავებს. კონკრეტულად კი იმუშავებს ეკონომიკური, სოციალური და ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად.

ფოტო: კადრი ხელშეკრულებიდან

ლობისტური კომპანია წერილს პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახელზე წერს, თუმცა ხელშეკრულებას ხელს პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აწერს.

ფოტო: კადრი ხელშერკრულებიდან

გარდა ამისა, ამა წლის 27 იანვარს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობამ საქართველოს მთავრობამ აშშ-სთან ურთიერთობების განმტკიცებისა და კავშირების დამყარებისთვის ლობისტურ კომპანია Chartwell strategy group-თან ხელშეკრულება განაახლა.

როგორც ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, ლობისტური კომპანია საქართველოს მთავრობას დაეხმარება აშშ-ს მხრიდან უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერის გაძლიერებაში. კომპანია იმუშავებს, აშშ-დან პირდაპირი ინვესტიციებისა და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების საკითხებზე. ამასთან, კომპანიის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო მედიასთან კომუნიკაციასაც.

ამ ლობისტურ კომპანიას საქართველოს მთავრობა, მომსახურებისთვის ანაზღაურების სახით, 2019 წლის ხელშეკრულებით ყოველთვიურად 65 ათას დოლარს უხდიდა.

ბოლო ორი თვეში საქართველოს მთავრობამ აშშ-დან კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკული წერილები მიიღო. წერილებში იყო გამოთქმული შეშფოთება მიმდინარე მოვლენების, აქციების დაშლის, პროპორციული სისტემის ჩაგდების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის გამო და აღნიშნული იყო, რომ საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

გაიგეთ მეტი სენატორების წერილზე:

გაიგეთ მეტი კონგრესმენების წერილებზე: