შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, ან ლინდე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო უწყების შეშფოთებას იზიარებს. ამის შესახებ მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა.

ლინდე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ უთანხმოების შესამცირებლად ნაბიჯები გადადგას.

"შვედეთი იზიარებს ევროკავშირის შეშფოთებას უგულავას საქმის გარშემო არსებული გარემოებების გამო. როგორც საქართველოს ახლო მეგობრები, ჩვენ მოვუწოდებთ მას, გადადგას ნაბიჯები უთანხმოების შესამცირებლად და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების დასაცავად", — ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.

უგულავას დაკავება და შეწყვეტილი დიალოგი

თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა.

როგორც მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, უგულავა უზენაესმა სასამართლომ იმ მუხლით გაასამართლა, რომლითაც 9-წლიანი პატიმრობა იყო გათვალისწინებული. თუმცა, ამ მუხლზე ამნისტია გავრცელდა, განახევრდა. იმის გამო, რომ მას მოხდილი ჰქონდა წელიწადი და ოთხი თვე, პატიმრობაში ყოფნა სამ წელზე მეტ ხანს მოუწევს.

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით შემდეგომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.

სამთავრობო გუნდის ლიდერებმა მომხდარის შეფასება არ ისურვეს და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დატოვების შემდეგ კი განაცხადეს, რომ მოგვიანებით ისაუბრებენ. დეპუტატებმა კი მომხდარი "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს".