პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა ამბობს, რომ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების კომიტეტის რეზოლუციის ძირითად ნაწილს მხარი ოპოზიციამ და მათმა მოკავშირე ევროპარლამენტარებმა არ დაუჭირეს. როგორც On.ge-ს კუჭავამ განუცხადა, რეზოლუციაში 40-მდე შესწორება იყო, საიდანაც მხოლოდ ნახევარის განხილვა მოასწრეს.

"40-მდე შესწორება იყო და დაახლოებით, 21-22-ზე გავჩერდით. მთლიანად რეზოლუციის მიღებას ოპოზიციამ არ დაუჭირა მხარი. ამ რეზოლუციას მივუბრუნდებით 6 თვეში. ეს არ იყო ჩვენი დაწერილი რეზოლუცია, როგორც გაავრცელა ზოგიერთმა. ამ რეზოლუციის ტექსტიც ევროპარლამენტარების მომზადებული იყო, ქართულ მხარესთან ბოლოს შეთანხმებით", — განაცხადა კუჭავამ.

დღეს, 13 თებერვალს ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა. საბოლოო ვერსიის მხარდასაჭერად ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთო კახიძე ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება იქნება. დეპუტატის განმარტებით, ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ ტექსტს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც მათ ცვლილებების პროექტი მოამზადეს.