კინოთეატრებში სულ რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა კომიქსების ცნობილი გმირის, ჰარლი ქუინის შესახებ გადაღებული დამოუკიდებელი ფილმი Birds Of Prey და მარგო რობი ჩვეულ ამპლუაში უკვე ახალ ფილმზე მუშაობს.

2016 წელს ეკრანებზე Suicide Squad ვიხილეთ, რომელმაც კრიტიკოსებისგან და ერთგული გულშემატკივრებისგან უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა DC-მ მაინც გადაწყვიტა, რომ ეს სიუჟეტური ხაზი გაეგრძელებინა და ახალი ფილმი გადაეღო.

სულ ცოტა ხნის წინ სწორედ მომავალი ფილმის გადასაღები მოედნიდან გავრცელდა პირველი კადრები.

ამ გავრცელებული ფოტოდან ფანებმა პირველი ის შენიშნეს, რომ მარგო რობი ჰარლი ქუინის როლში ამჯერად განსხვავებულად გამოიყურება: პომპეზურ წითელ კაბაში გამოწყობილი ნაკლებად ჰგავს იმ გმირის ჩაცმულობას, რომელიც მანამდე Birds Of Prey-ში თუ Suicide Squad-ში გვინახავს.

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ, სავარაუდოდ, მომავალ ფილმში ჰარლი ქუინი უფრო მეტად იქნება მიმსგავსებული კომიქსის წიგნებში აღწერილ პერსონაჟს.

ფილმის სიუჟეტის შესახებ ჯერჯერობით არაფერი ცნობილია, თუმცა ვიცით, რომ ის Suicide Squad-ის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს.

ფილმს ჯეიმს განი იღებს, რომელიც მანამდე Guardians of the Galaxy-ის რეჟისორი და სცენარისტი იყო. რაც შეეხება სამსახიობო გუნდს, ჰარლი ქუინთან ერთად მომავალ პროექტში ერთმანეთზე უფრო კაშკაშა ჰოლივუდელ ვარსკვლავებს ვიხილავთ: ტაიკა ვაიტიტი, იდრის ელბა, ვაიოლა დევისი და ჯონ სინა.

აღსანიშნავია, რომ The Suicide Squad-ში ვერ ვიხილავთ ჯარედ ლეტოს, რომლის მიერ მანამდე შესრულებულმა ჯოკერმა კრიტიკა დაიმსახურა. როგორც ჩანს, მსახიობმა მარველის სამყაროში გადაინაცვლა: წელს ეკრანებზე ფილმი Morbius გამოვა, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს.

DC-ის მომავალი თამამი პროექტის პრემიერა, სავარაუდოდ, 2021 წლის 6 აგვისტოს შედგება.