აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართული ოცნებისგან დაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ სამსახურის უფროსების მოადგილეების თანამდებობები გააუქმა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მრჩეველთა საბჭომ დღეს მიიღო.

მათ შორის გაუქმდა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძის თანამდებობა. დირექტორი ირწმუნება, რომ მას მსგავსი შინაარსის თანამდებობას შესთავაზებს.

აღნიშნული თანამდებობების გაუქმების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ ცვლილებათა პაკეტი წარმოადგინა. საშტატო ცვლილებები ეხებათ: ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძის თანამდებობას, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს.

მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენელს, მალხაზ რეხვიაშვილს, რომელიც სხდომის გადადებას ითხოვდა. მისი თქმით, განმარტებით ბარათში არ იყო მოცემული რატომ გახდა საჭირო მოადგილის თანამდებობის გაუქმება და რა ახალი ფუნქციები ექნება იმ საშტატო ერთეულებს, რომლებიც იქმნება.

ასევე, საბჭოს სხდომის პარალელურად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ორი აქცია გაიმართა. აქტივისტების ნაწილი მაუწყებლის თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებდნენ და ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და კრიტიკულობის დაცვას ცდილობდნენ.

კონტრაქციის მონაწილეები კი, მთავრობის წარმომადგენლების მსგავსად, ტელევიზიას კრიტიკულ ტონს უწუნებდნენ და ამბობდნენ, რომ "მიკერძოებულია" და "კარგ ამბებს" არ აშუქებს. მათი თქმით, ტელევიზია მხოლოდ კრიტიკული არ უნდა იყოს და ქვეყანაში "კარგი რაც ხდება" ისიც უნდა გააშუქოს.

აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები მოკლედ

აჭარის მაუწყებელში დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდნენ. ტელევიზიების თანამშრომლებს მიაჩნდათ, რომ ხელისუფლება მათზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა. დირექტორის გადაყენებიდან რვა თვის განმავლობაში კონკურსი სამჯერ ჩაიშალა, მეოთხე ცდაზე კი მმართველი პარტიისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომლის მიმართაც თანამშრომლებს კითხვები აქვთ.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ჯერ კიდევ კენჭისყრამდე ამბობდა, რომ კოხრეიძის არჩევით სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნებოდა. კოხრეიძემ დანიშვნის დღესვე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას განაცხდა, რომ ჟურნალისტებს კრიტიკულ ტონს უწუნებდა. ამავე ეთერში მან უყვირა წამყვანს, თეონა ბაკურიძეს, რაც იმით განმარტა, რომ ჟურნალისტი მის კითხვებს არ პასუხობდა. საუბრის გაგრძელების შემდეგ კი მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაამართლა, რომელმაც ბაკურიძეს ეთერში "დაოკებისკენ" მოუწოდა. კოხრეიძის თქმით, ამ რეპლიკამდე რიჟვაძე წამყვანმა მიიყვანა.

კოხრეიძის არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტანტმა ზვიად ქორიძემ და მედიამენეჯერმა, მარინა ვაშაყმაძემ. ტელევიზიიდან წავიდა დირექტორის ყოფილი მოადგილე, ნათია ზოიძეც. ის აცხადებდა, რომ კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორებისკენ მოუწოდებდა ან სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებოდა.