ადრე თუ გვიან, როგორც ჩანს, ეფლის ლოკაციის ტრეკერი ტეგები მაინც გამოვა, მათი სახელი კი, სავარაუდოდ, AirTags ან Apple Tags იქნება. ამის შესახებ ეფლის ანალიტიკოსმა მინგ-ჩი კუომ ისაუბრა.

Apple-ის ტრეკერებზე ინფორმაცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გავრცელდა. MacRumors-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს აპლიკაცია Find My-ს ამჟამად დამალული პანელი, სახელად Items (ნივთები). პანელში კი შემდეგ შეტყობინებებს ვხვდებით: "აკონტროლეთ ნივთები, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებთ," "დატაგეთ თქვენი ნივთები B389-ით და მათ აღარასდროს დაკარგავთ." B389 კოდური სახელია, რომელიც Apple Tags-ს აღნიშნავს.

როგორც ირკვევა, ტრეკერები მრგვალი ფორმის იქნება და ისინი U1 ლოკაციის ამომცნობი ჩიპით აღიჭურვება, ეს ზუსტად ის ჩიპია, რომელსაც ეფლი iPhone 11-ებში იყენებს. ტეგებით ნივთების პოვნა უინტერნეტო რეჟიმშიც იქნება შესაძლებელი.

ჯერ კიდევ უცნობია როდის გახდება ტეგები ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი. თუ 9to5Mac-ს დავუჯერებთ, მათ გამოსვლას წლის ბოლოს უნდა ველოდოთ. თუმცა, ვინაიდან ტეგები სრულიად ახალი პროდუქტია, არსებობს შანსი, რომ ეფლმა ისინი ცოტა ადრე, Worldwide Developers Conference-ზე (WWDC) წარადგინოს, რომელიც ივნისში გაიმართება.