სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მარტის ბოლო დღეს ფორმალურად დატოვებენ მაღალი რანგის სამეფო სტატუსს. ისინი დედოფლის სახელით ღონისძიებებს აღარ ჩაატარებენ, დარჩენილი ვალდებულებები კი მომდევნო 12 თვის განმავლობაში გადაიხედება. ამის შესახებ წყვილის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

2020 წლის დასაწყისში ჰარიმ და მეგანმა განაცხადეს, რომ სამეფო ვალდებულებებს ჩამოშორდებოდნენ და საკუთარი ფინანსური დამოუკიდებლობისთვის იმუშავებდნენ. წყვილი სხვადასხვა შეხვედრებისთვის დიდ ბრიტანეთში თებერვლის ბოლოს ბრუნდება.

მეგანი და ჰარი აპირებენ, რომ დრო ჩრდილოეთ ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოში გაატარონ. წყვილის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისინი ინგლისში რეგულარულად ჩავლენ. მათი უახლოესი გეგმები დიდ ბრიტანეთში თებერვალსა და მარტში გამართულ ექვს ღონისძიებას უკავშირდება.

წყვილი ოფიციალურად შეინარჩუნებს "მისი სამეფო უმაღლესობის" [HRH] წოდებას, თუმცა მას არ გამოიყენებს. განხილვა მიმდინარეობს იმაზე, რამდენად ისარგებლებს წყვილი "სამეფო" წოდებით.

წყვილმა Sussex Royal-ის ბრენდული ნიშანი გასული წლის ივნისში შეიძინა და ამ სახელს იყენებს საიტზეც და სოციალურ მედიაშიც. მეგანი და ჰარი აპირებენ, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციის ჩამოყალიბებით დაეხმარონ საზოგადოებას, გააძილიერო ახალგაზრდები, ქალები, ცნობიერება აამაღლონ შიდსზე, კონსერვაციაზე და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.