პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვა იგეგმება. ამის შესახებ მან ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ქუთაისი საგანმანათლებლო ცენტრი გახდება, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი.

"პარლამენტის არსებულ შენობას ექნება თავისი დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს: განათლება, მედიცინა, ლოგისტიკა და კიდევ ბევრი რამ და არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი", — განაცხადა გახარიამ.

2018 წელს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფომაცია, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების ცენტრის ანალოგის განთავსებას გეგმავდა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ პარლამენტის ყოფილ შენობაში საკონფერენციო ცენტრი უნდა მოწყობილიყო.