ტყიბულში მეშახტეები ისევ საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოს აპროტესტებენ. დღეს, 24 ოქტომბერს ძიძიგურის სახელობის შახტის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაციის გაუქმებასა და მინდელის სახელობის შახტში გადაყვანას აპროტესტებენ.

გაფიცელი მუშების განცხადებით, ახალმა ინვესტორმა, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა წარადგინა, დაპირებები არ შეასრულა და სამუშაო პირობები არ გააუმჯობესა.

"გადავყავართ ამ შახტიდან. ის შახტა, სადაც გადავყავართ, არ არის საიმედო. თუ რამე მარცხი იყო, იქ მოხდა. თუ ჩავალთ შახტაში, არც ამოვალთ ზევით. ვიჯდებით, სანამ არ დაგვაკმაყოფილებენ", — ამბობს ერთ-ერთი მეშახტე ტარიელ გამყრელიძე.

ტყიბულელი მეშახტეები გასული წლის სექტემბერში გაიფიცნენ. მინდელისა და ძიძიგურის შახტებში, დახლოებით, 30 მეშახტე ჩავიდა და პროტესტის ნიშნად ადგილის დატოვებას არ აპირებდა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მათ ხელფასი 15 სექტემბრამდე უნდა აეღოთ. საქნახშირის განცხადებით, კომპანია ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, რაც ცნობილი იყო ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში დასაქმებულებისთვისაც.

მეშახტეების ნაწილმა ღამე შახტებში გაათენეს. ასევე, ტყიბულის მერიასთან მოეწყო საპროტესტო აქცია. საბოლოოდ, მეშახტეებმა გაფიცვა 26 სექტემბერს შეწყვიტეს. ეკონომიკის მინისტრი ამ დღეს ტყიბულში ჩავიდა და მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ გამოჩნდა ახალი ინვესტორი კომპანია, რომელმაც იკისრა ვალდებულება, გაისტუმროს, სოციალური გადასახადები, მათ შორის, დაზარალებული ოჯახების წინაშე.

ტყიბულში მეშახტეებს იგივე პრობლემებს 2018 წელსაც ჰქონდათ. მაშინ დასაქმებულები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რათა მათთვის წარედგინათ ოფიციალური დოკუმენტი, რომ ისინი შახტებში გამოძიების დასრულებამდე, ხელფასებს მიიღებდნენ.

ტყიბულში 2018 წლის 16 ივლისს მინდელის შახტაში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დალუქა. მაშინდელმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ კი განაცხადა, რომ მინდელის შახტის დახურვის განმავლობაში მეშახტეებს ხელფასები აუნაზღაურდებოდათ.