რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფას მისი პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აყენებს. ფეისბუქგვერდზე ის წერს, რომ ჟურნალისტები "ყოველგვარ ღირსებადაკარგული ქალების" იყვნენ და ინტერვიუს ჩაწერის მცდელობა "საცოდავი სანახაობაა" იყო.

"იცით რა უნდოდათ? შეუძლებელია ამის დაჯერება! ერთი კითხვა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში. ეს უკვე გონების დაბინდვაა, ამდენად დამოკიდებული გაიხადო თავი სხვა ქვეყნის მთავრობის ჩასვლის ან არჩასვლის გამო", — წერს ზახაროვა ირონიულად.

გარდა ამისა, ის ამტკიცებს, რომ შეხლა-შემოხლისას კოლეგასთან ერთდ "დაშავდა", მაგრამ მთავარია, რომ "ბოსი" [სერგეი ლავროვი] არ დაზარალებულა.

ზახაროვას პოსტის კომენტარებში შეურაცხმყოფელად მოიხსენიებენ როგორც ქართველ ჟურნალისტებს, ასევე, მთელ ერს. მას სთავაზობენ, რომ აცრა გაიკეთოს და ცოფის გადადება აირიდოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა დღეს, 25 თებერვალს მიაყენა. "თქვენ ავადმყოფები ხართ გოგოებო" — უთხრა მან ჟურნალისტებს, რომლებიც კითხვას უსვამდნენ საქართველოში ევროსაბჭოს მინისტერიალზე ჩამოსვლის შესახებ.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / პირველი არხი

პირველი არხის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ლავროვის დაცვა და მისი თანმხლები პირები აგრესიას გამოხატავენ და დასცინიან ჟურნალისტებს. დაცვის წევრები იშორებენ მათ, ლავროვის თანმხლები ქალი კი კამერებს ხელს აფარებს.

ფოტო: კადრები ვიდეოდან / პირველი არხი

მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროსაბჭოს მინისტერიალი დაიგეგმა გაჩნდა მთავარი კითხვა — ვინ ჩამოვა რუსეთიდან. აქამდე, რუსეთის დელეგაციას მინისტერიალზე ლავროვი ხელმძღვანელობდა, თუმცა მისი საქართველოში ჩამოსვლა პრობლემურია. მას ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.

რუსეთის საბჭოს სენატორმა, გრიგორი კარასინიმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა, მინისტერიალზე ლავროვი არ ჩამოვიდეს, რადგან საქართველოში საზოგადოება აღელვებულია. სწორედ, ამ საკითხის გარკვევას ცდილობდნენ ქართველი ჟურნალისტები.

28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის დელეგაციას უმასპინძლებს, თუნდაც ამისთვის კანონისთვის "გვერდის ავლა" გახდეს საჭირო. მისი თქმით, ქვეყანა "ქართულ სტუმართმოყვარეობას" გამოავლენს. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ "ვერავინ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის". როგორ აპირებს ამას, პრემიერს არ დაუკონკრეტებია.