სირიის ჩრდილო-დასავლეთში, იდლიბის პროვინციაში მომხდარი საჰაერო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 33 თურქეთის ჯარისკაცი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. სხვა წყაროებით დაშავებულების რაოდენობა უფრო მეტია.

New Yourk Times წერს, რომ თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმა სირიის სამთავრობო ძალებმა განახორციელეს. მათივე თქმით, რუსული რეაქტიული თვითმფრინავები წინა კვირის განმავლობაში ამ რეგიონში მიმდინარე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი.

თურქული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ხუთშაბათს ღამით ანკარაში საგანგებო შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ თურქეთის ძალები სირიის წინააღმდეგ დაპირისპირებაში ჩაერთვნენ.

BBC წერს, რომ რუსეთის ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ სირიის სამთავრობო ძალებს ცდილობენ დაიბრუნონ იდლიბის პროვინცია. სირიის ამ ნაწილს აჯანყებულები თურქეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერით აკონტროლებენ.

სტამბოლში მყოფი მომიტინგეები პარასკევს შეიკრიბნენ რუსეთის საკონსულოსთან, სადაც სკანდირებდნენ "სიკვდილი რუსეთს, სიკვდილი პუტინს!" თურქეთის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ თავიდან აიცილებენ პირდაპირ დაპირისპირებას რუსეთთან. ისინი ცდილობენ გააგრძელონ ღია მოლაპარაკებები პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.