BBC-ის ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თალიბანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც ავღანეთის 18-წლიანი კონფლიქტი უნდა დასრულდეს. სამშვიდობო შეთანხმების მეორე ფაზის ფარგლებში, თავის მხრივ, ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

თუ თალიბანი და ავღანეთის მთავრობა ამ შეთანხმებას დაიცავენ, აშშ-სა და ნატოს მოკავშირეები თანახმა არიან, მომდევნო 14 თვის განმავლობაში გაიყვანონ ჯარი ქვეყნიდან. პირობის თანახმად, თალიბანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ალ-ქაიდა ან სხვა რომელიმე ტერორისტული დაჯგუფება აღარ იქნება.

დოჰაში შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიას აშშ-ს სახელმიწფო მდივანი, მაიკ პომპეო და თალიბანის ლიდერები დაესწრნენ.

ამერიკის და ნატოს სამხედრო ძალებმა ავღანეთში ალ-ყაიდას და თალიბანის წინააღმდეგ შეტევა 2001 წლის 7 ოქტომბერს, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაიწყეს. კონფლიქტის განმავლობაში 2 400-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა,12 ათასი ჯერ კიდევ განთავსებულია ბაზებზე. კონფლიქტის დასრულება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი დაპირება იყო.